Saturday, August 23, 2008

მენახშირე გოგო ვარ, დამწვარი ვარ მზისაგან...

კაი ხანია ჩემს ცხოვრებაში ისეთი არაფერი მომხდარა, რასაც შეიძლება გავოცებინე. სასიამოვნოდ გაოცებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. რაც თავი მახსოვს, სულ ისეთ სიტუაციებში ვხვდები, რომ ვბრაზდები და დამწყნარებელიც არავინ ჩანს. მართალია, ხანდახან ნაცნობები ბოღმას მეძახიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ უწყინარი ხუმრობაა! აბა, თავად დაფიქრდით, სად მე და სად ბოღმა?!
მაგრამ რაც დღეს დამემართა, აი ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი! ერთ-ერთი ჩემი დაქალოჩკის ბლოგს ვათვალიერებდი, მეთქი ნეტა რა აქვს დაწერილი ახალი და საინტერესო, რომ მერე დავჯდე და განვიხილო და რას ხედავს ჩემი თვალები? ვიღაცაზე უწერია ისეთი თბილი სიტყვები, კითხვის დროს ზურგი ამეფხანა და მეგონა, ეს-ესაა ფრთები ამომივა! თან იცით რა წერია? სულ ერთნაირი აზრები (ალბათ წვეტიანი, თორემ სხვანაირი თავში როგორ მოუვიდოდა?) გვაწუხებს და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მავთულით, კაბელით თუ ტროსით არიან შეერთებულები! არა, გასაგებია ყველაფერი, ალბათ მართლა თბილი და მოსიყვარულე ვიღაცაა, მაგრამ მე რა, მოსიყვარულე არ ვარ? მერე რა, თუ ხანდახან ჭორაობა მიყვარს, ყოველ დღე მინიმუმ 3-4 საათი მეც ძალიან მოსიყვარულე ვარ! (გარდა იმ დროისა, როდესაც მძინავს) ხოდა, მე თქვენ გეკითხებით, ჩემზე რატომ არ წერენ ბლოგზე? ნუთუ ორ-სამ ლამაზ, ბოღმიან ან შურიან სიტყვას არ ვიმსახურებ?!
ეჰ, მგონი კითხვაზე პასუხი თავადვე მშვენივრად ვიცი! რა ჩემი ბრალია, თუ ჩემს მშობლებს კალინინგრადში არ გაუცვნიათ ერთმანეთი, რუსული არ ვიცი კარგად და ქართულს სრულყოფილად ვფლობ? ან რა ჩემი ბრალია, რომ კაბელი არ მიერთდება არსად? შეიძლება ამის გამო ადამიანის ათვალწუნება და ”სხვანაირი” თვალით შეხედვა მისთვის? ეს ნამდვილი დისკრიმინაციაა!
სხვა რა უნდა ვთქვა? ძალიან დავიბოღმე რა, აი საშინლად დავიბოღმე! ახლა უკვე ვეღარაფერს შევცლი ლიტონი სიტყვებით. წავალ, ეზოში ხეებს ტოტებს მაინც დავამტვრევ, გული მიგრძნობს ზამთარში რუსები გაზს გაგვითიშავენ და შეშა მაინც მექნება გასათბობად...

No comments: